weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლივერპული“ და „ბარსელონა“ მეოთხედფინალში გავიდნენ

10:29 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ბოლო განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები მიუნხენსა და ბარსელონაში გაიმართა.

„ალიანც არენაზე“ გამართულ გადამწყვეტ მატჩში „ბაიერნი“ და „ლივერპულის“ თამაში ამ გუნდების პირველი უგოლო შეხვედრის მსგავსი სურათით დაიწყო - გუნდები თანაბარი ძალებით უტევდნენ ერთმანეთს და თამაშიც თითქოს მოსაწყენი იყო, თუმცა პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, იურგენ კლოპის გუნდმა რთული ამოცანის შესრულება შეძლო და „რეკორდმაისტერი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა. ანგარიში სადიო მანემ რაფინიასა და მანუელ ნოიერის გაუაზრებელი თამაშით გახსნა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს „ლივერპულელი“ ჟოელ მატიპის ავტოგოლით, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა მერსისაიდელებმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს - ჯერ ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა, ფინიშისკენ კი სადიო მანემ დუბლი შეასრულა და სახელოვანი „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას უბრძოლველად დაემშვიდობა. ნათლად გამოჩნდა, რომ მიუნხენური გრანდი დასუსტდა და მისი გამოცდილი და კარგად ნაცნობი შემადგენლობა სათანადო ანგარიშგასაწევ ძალას ვეღარ წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტ 8 გუნდში 4 ინგლისურია.

ბაიერნი - ლივერპული 1:3

0:1 მანე (26) 1:1 მატიპი (39 ა.გ.) 1:2 ვან დეიკი (69) 1:3 მანე (84).

იოლი გამარჯვება გამოუვიდა „ბარსელონას“, რომელიც პირველ შეხვედრაში ასევე უგოლოდ დაუზავდა ლიონის „ოლიმპიკს“. „კამპ ნოუზე“ უპირობო ფავორიტმა კატალონიურმა გრანდმა პირველივე წუთებიდან საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა ფრანგული კლუბი და ნება-ნება ბურთაობით პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში „ბარსელონამ“ ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, რის გამოც დაისაჯა - გოლი გაუშვა და შემდეგ დროის პატარა მონაკვეთში აანერვიულა კიდეც ქომაგები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ლიონელ მესის შესანიშნავმა მოქმედებამ გადაწყვიტა - არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლთან ერთად შეხვედრის ბოლო წუთებში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და ერნესტო ვალვერდეს გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ცნობისთვის, მესი მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და 8 გოლით რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა, რომელიც ტურნირს გამოეთიშა. მათ შემდეგ 6-6 გოლით მუსა მარეგა (პორტო) და დუშან ტადიჩი (აიაქსი) მოდიან.

ბარსელონა - ლიონის ოლიმპიკი 5:1

1:0 მესი (18 პ.) 2:0 ფ. კოუტინიო (31) 2:1 ტუსარი (58) 3:1 მესი (78) 4:1 პიკე (81) 5:1 უ. დემბელე (86).

ამრიგად, ყველა მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა გარკვეულია. რვა გუნდს ერთმანეთთან 15 მარტს კენჭისყრით დააწყვილებენ და ასევე ცნობილი გახდება ნახევარფინალური ბადე - რომელ წყვილში გასულს ვისთან მოუწევს შემდეგ ეტაპზე დაპირისპირება.

 

ამ თემაზე:

„რეალის“ სამარცხვინო მარცხი „აიაქსთან“

პარიზული სასწაული და ასოცწუთიანი დრამა პორტოში

რონალდოს ჰეთ-თრიქით „იუვენტუსი“ მეოთხედფინალშია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]