„მინდა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითები უნდა იყვნენ, უკანონოდ სხედან ციხეში. ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამის გამო ზის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო“, – განაცხადა წულუკიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ძმები წულუკიძეები და კიდევ ოთხი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 12 აპრილს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 14 აპრილს ბათუმში დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ და წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. წულუკიძეები აცხადებენ, რომ აქციაზე პროვოკაცია მოუწყეს, რაშიც სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული. ისინი ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო იდევნებიან. შსს-მ 23 აპრილს, ამავე დანაშაულის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავა ბათუმში.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ის 23 თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაშია.