weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

12:32 შაბათი, 02 ივნისი 2018

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, სიმართლისა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს ამ საქმის მშვიდ ვითარებაში კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევქმენით, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოსა და ჩვენს ქვეყანას“, – წერს დავით ქევხიშვილი.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. ნაკრების წევრები პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში. სპორტსმენებმა ფედერაცია მათი კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთახის კარიც აუჭედეს. დავით ქევხიშვილმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.

ძიუდოს ნაკრების წევრთა მიერ ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა და ფედერაციაში არსებული შესაძლო ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. 29 მაისს, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობა ვერ დაინახეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა 26-29 აპრილს, თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა. ძიუდოს ნაკრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. 

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]