weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„იუვენტუსი“ 21 წლის შემდეგ თუ „რეალი“ ზედიზედ მეორედ?!

14:40 შაბათი, 03 ივნისი 2017

დღეს უელსის დედაქალაქ კარდიფის „მილენიუმ სთედიუმზე“ 2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება.

ტურინულ გრანდს შეუძლია 2008 წლის შემდეგ გახდეს პირველი გუნდი, რომელიც წაუგებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. საგულისხმოა, ისიც რომ „იუვეს“ შანსი აქვს სეზონი ე.წ. ტრებლით დაასრულოს -  მოგეხსენებათ ტურინელებს უკვე მოგებული აქვთ იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი, მესამე და მთავარი სამიზნე კი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. თავის მხრივ „რეალს“ აქვს უნიკალური შანსი გახდეს გუნდი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგებას. „იუვენტუსს“ 1996 წლის შემდეგ არ მოუგია ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი, თანაც იქიდან მოყოლებული 4 ფინალი წააგო.

ორივე გუნდისთვის ერთმანეთი საკმაოდ ნაცნობია: 18 თამაში და სრული თანაფარდობა - რვა-რვა მოგება ერთმანეთთან და 2 ფრე. 1998 წელს ამსტერდამში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვეს“ წინააღმდეგ მადრიდულმა გრანდმა იმარჯვა, თუმცა „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 1996, 2003, 2005 და 2015 წლებში სწორედ „ბებერ ქალბატონთან“ ბრძოლისას დასრულდა.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დასვენებული და კონცენტრირებული ხვდება. „იუვემ“ იტალიის ჩემპიონობა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოიპოვა, ისევე როგორც „რეალმა“ - ესპანეთის. გუნდებს არც საკადრო პრობლემები აწუხებთ: „რეალს“ დანი კარვახალი და გარეთ ბეილი გამოუჯანმრთელდნენ, თუმცა დღეს ძირითადში დიდი ალბათობით, მხოლოდ ესპანელ განაპირა მცველს ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ზიდანის ბანაკში ტრავმირებულები საერთოდ არ არიან. ამ მხრივ ცოტა მოიკოჭლებს „იუვენტუსი“ - იტალიელებს ლაზარეთში დანიელე რუგანი, მარკო პიაცა და სტეფანო სტურარო ჰყავთ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ არცერთი მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება.

სეზონის მთავარ შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, ხოლო მთავარი არბიტრი გამოცდილი ფელიქს ბრიხი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს „მილენიუმ სთედიუმი“ გადაიხურება და პირველად მოხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დახურულ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა ტრადიციულად, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვესი, ხედირა, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

რეალი (4-3-3): კ. ნავასი; კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო, ბენზემა, კ. რონალდო.

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ფაქტები:

„რეალს“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი (32) აქვს გატანილი, ხოლო „იუვენტუსს“ ყველაზე ნაკლები (4) გაშვებული.

1998 წელს გამართულ ფინალში, რომელიც მადრიდელებმა 1:0 მოიგეს. „იუვეს“ ღირსებას „სამეფო კლუბის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იცავდა.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა თასის მოგება მხოლოდ ორჯერ, 1985 და 1996 წლებში მოახერხა. თუმცა 6 ფინალი წააგო (1973, 1983, 1997, 1998, 2003, 2015), რაც სხვა გუნდს არ უქნია.

„რეალს“ თავის მხრივ 11 თასი აქვს მოგებული (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016) და ფინალი სამჯერ, 1962, 1964 და 1981 წლებში წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]