„ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს - არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ. ეს თანასწორი თამაშია. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად. #გურამშენთანვართ #EQUALGAME #37GK #არაძალადობას“, – ნათქვამია საფეხბურთო გუნდის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია (ჰეშთეგით #გურამშენთანვართ) მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელი ლგბტ ადამიანების მხარდაჭერის გამო ინტერნეტ-აგრესიის სამიზნე გახდა და Facebook-ზე პირადი გვერდი გააუქმა, Instagram-ზე კი მომხმარებლების წვდომა შეზღუდა. კაშიამ განაცხადა, რომ არაფერს ნანობს და ვიდრე საქართველოში ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს UEFA-მ თანასწორობის ჯილდო გადასცა. გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი ლორიამ, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი მერებაშვილმა.
თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარება გურამ კაშიას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც მიულოცა. ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირმაც.