weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გადარჩენის სხვა ფორმულა არ შეიძლება იყოს – უკრაინის თავდაცვის უწყება „აზოვსტალზე“

18:36 სამშაბათი, 17 მაისი 2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების გადასარჩენად არ არსებობს სხვა ფორმულა გარდა იმისა, რაც ახლა გამოიყენება.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, დღეს გამართულ ბრიფინგზე მალიარმა განაცხადა, რომ ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ ადამიანებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დააბრუნებენ.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ამ სიტუაციაში, სამხედრო გზით დებლოკირება შეუძლებელია და გადარჩენის სხვა ფორმულა, ვიდრე ის, რისი გამოყენებაც ახლა ხდება, არ შეიძლება იყოს. ეს ერთადერთი გამოსავალია.

ეროვნული გვარდია, ეროვნული პოლიცია, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალები, კერძოდ, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა – უნდა გვახსოვდეს, რომ ესენი არიან მარიუპოლის მცველები და მათ თავიანთი საბრძოლო დავალება სრულად შეასრულეს.

მარიუპოლის მცველების მიერ განხორციელებული თავდაცვის წყალობით, მტრის მიერ ჯგუფების გადაყვანა აღიკვეთა. ეს დაახლოებით 20 000-იანი პირადი შემადგენლობაა, რომლის სხვა რეგიონებში გადასროლაც მტერმა ვერ შეძლო და ამგვარად, ვერ შეძლო ზაპოროჟიეს დაკავება.

რაც მთავარია, მარიუპოლის თავდაცვამ ჩვენ მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო იმისთვის, რომ შეგვექმნა თავდაცვის ხაზები, მოგვეხდინა რეზერვის ფორმირება და განგვეხორციელებინა სამხედრო ოპერაციის სხვა მნიშვნელოვანი მოქმედებები“, – განაცხადა მალიარმა.

მანამდე, ამ საკითხზე განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. მისი თქმით, მთავარი მიზანი მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის გადარჩენაა, რომელშიც „აზოვის“ პოლკის მებრძოლებიც შედიან.

„ისინი ყველანი გმირები არიან და აქვთ ახალი ბრძანება – შეინარჩუნონ სიცოცხლე“, – ხაზი გასუვა თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ხელისუფლების გეგმა დაჭრილების ევაკუაცია და მათი სიცოცხლისა და თავისუფლების შენარჩუნებაა.

ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოყვანილია 264 ადამიანი, რომელთაგან 53 მძიმედ დაჭრილია.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფმა 265-მა უკრაინელმა „ბოევიკმა“ იარაღი დაყარა და ჩაბარდა. მათი მონაცემებით, მძიმედ დაჭრილთა რიცხვი 53-ია. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აკონტროლებენ.

„აზოვსტალის“ ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომლის აღება 83 დღის განმავლობაში რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 21 აპრილიდან ეს ტერიტორია სრულ ბლოკადაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]