„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფა სულ შვიდმა რუსულმა თვითმფრინავმა განიცადა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციაში ჩართვის შემდეგ, სირიაში მათი 85 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი 2018 წლის 6 მარტს განიცადა, როდესაც ავიაბაზა ჰმეიმიმთან, დაშვების დროს, თვითმფრინავი „ან 26“ ჩამოვარდა. ამ შემთხვევას 39 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთი, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში 2015 წლის სექტემბერში ჩაერთო. გასული წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადა. რუსი სამხედროები ამ დრომდე რჩებიან ჰმეიმიმის საავიაცო ბაზაზე და ქალაქ ტარტუსის პორტში.