weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია – ნინო სუხიშვილი

12:26 შაბათი, 06 ივლისი 2019

ქართული ეროვნული ბალეტის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი სიცრუეს უწოდებს ქართულ-შვედური გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნინო სუხიშვილი სხვა ცეკვის კომპანიებს დაუკავშირდა და მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა აუკრძალა.

ნინო სუხიშვილი „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რეჟისორს ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა, რასაც არ დათანხმდა, რადგან „ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი“ არ ჰყოლიათ.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე –

ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია.

ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.

კითხვაზე - მიაჩნია თუ არა, რომ გეი მოცეკვავე ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა, „სუხიშვილების ხელმძღანელმა უპასუხა: „მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი“.

წარმოშობით ქართველმა რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობაზე გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ფილმს, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეების - მერაბისა და ირაკლის სასიყვარულო ისტორიაზეა, მხარი არც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაუჭირა და არც ნინო სუხიშვილმა.

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს - ქართული ეროვნული ბალეტიდან და მისი რეაქცია იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. მის დახმარებას ნამდვილად გამოვიყენებდით, მაგრამ მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ არის. გავიგეთ, რომ მან მიმართა ცეკვის სხვა კომპანიებსაც და მოცეკვავეების ფილმში გამოჩენა აუკრძალა - უთხრა, რომ ვეღარასოდეს იცეკვებდნენ“, – განაცხადა რეჟისორმა The Guardian-თან ინტერვიუში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]