როგორც სააგენტო აცხადებს, სახელმწიფოს სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული და არაერთ კომპლექსურ სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს.
„ასეთ პირობებში ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, გასულ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80-მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინეს, მიმდინარე წლიდან კი სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის ორი უბნის - ჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს. გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.
ამავდროულად სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის ორი სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში ორი კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც“, – აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
გარდა ამისა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2020 წლისთვის მოამზადებენ სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციიას რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად ორი ეკლესიის - უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის რესტავრაციას ითვალისწინებს.
„სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.