weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყინწვისის ტაძარში თვითნებურად დაგებულ მარმარილოს იატაკს აყრიან

10:55 პარასკევი, 19 ივნისი 2020
ფოტო გადაღებულია ფილების დაგების პროცესში ფოტო გადაღებულია ფილების დაგების პროცესში

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში ერთი წლის წინ, სასულიერო პირების თვითნებური გადაწყვეტილებით დაგებულ ძვირადღირებული მარმარილოს იატაკს აყრიან. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამაზე თანხმობა რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობმა განაცხადა.

Qartli.ge წერს, რომ სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ეკლესიის იატაკი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კომპლექსის ყველა ეკლესიას, ასევე, გარემონტდება გალავანი და მოეწყობა ავტოსადგომი.

„როდესაც დავიწყებთ მუშაობას, ვნახავთ იატაკის ფენებს. მარმარილო გამოსაცვლელია. მის ქვეშ რაც არის - ისიც, იმიტომ, რომ 1960-იან წლებში დაგებული ქვებია. ჩვენ მაგ ქვების ქვეშ არსებულ სიტუაციასაც ვნახავთ, რადგან შესაძლოა მესამე ფენაში იყოს პირვანდელი იატაკი“, – განაცხადა კომპანია „იკორთა 2007“-ის არქიტექტორმა თენგიზ გაბუნიამ, რომელიც რესტავრატორების ჯგუფს უხელმძღვანელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ფონდი ,,ქართუ“ დააფინანსებს. სამუშაოების ღირებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შპს „იკორთა 2007“ რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობას დაასრულებს.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის სასულიერო პირებმა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი 2019 წლის აგვისტოში დააგეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც განაცხადა, რომ იატაკის შეცვლა ტაძრის წინამძღვრის თვითნებური ქმედება იყო. საპატრიარქოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი დაგებული იყო გასული საუკუნის 70-იანი წლებში და არ წარმოადგენდა სიძველეს, შეუთანხმებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმა ყოვლად გაუმართლებელია.

XII-XIII საუკუნეების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და უნიკალური ფრესკებითაა ცნობილი. კონკორდატის შედეგად, ტაძარი საპატრიარქოს საკუთრებაა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]