weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანანიაშვილთან შევთანხმდით, რომ ის რუსი ბალერინაა – ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი

17:54 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელმა ვლადიმერ კეხმანმა ნინო ანანიაშვილთან ხელშეკრულების გაფორმებისა და გაწყვეტის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა პრიმა ბალერინამ შეთანხმება დაარღვია, როდესაც საბალეტო დასისთვის ოფიციალურ წარდგენამდე მედიას ინტერვიუ მისცა. საუბარია „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ და 6 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუზე.

ვლადიმერ კეხმანის თქმით, ნინო ანანიაშვილი 2020 წლის თებერვალში, თბილისში გაიცნო და თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

„თბილისში სპეციალურად იმისთვის გავფრინდით, რომ ნინო გაგვეცნო. 

გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მას ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რაც ჩემთვის პრინციპული მომენტია, რომ ის რუსი ბალერინაა.

ძალიან დიდი ხანი ფიქრობდა. ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს. დეკემბრის ბოლოს ის ნოვოსიბირსკში ჩამოვიდა, თეატრი დაათვალიერა, შთაბეჭდილების ქვეშ იყო. შემდეგ ჩემთან, პეტერბურგში ჩამოფრინდა და საბოლოოდ ვისაუბრეთ ყველა ნაბიჯზე. მისი მხრიდან არცერთი გაუგებრობა არ ყოფილა. ამიტომ მასთან ხელი არ მოვაწერე იმ დოკუმენტებს, რომლებსაც ხელს ვაწერ ყველასთან - ხელოვან ადამიანებთან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებშიც გაწერილია, რომ ნებისმიერი პიარაქტივობა სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს. ეს კონტრაქტის ნაწილია“, – ამბობს კეხმანი.

მისივე თქმით, ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ, რომელიც შობამდე გამოქვეყნდა, პირველ რიგში, თეატრის კოლექტივის მიმართ უპატივცემულობაა.

„მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მის მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. ჩვენ სხვა რაღაცაზე ვილაპარაკეთ. მუშაობის ასე დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ სიცრუეს შობს. ასეთ შემთხვევაში აღარ შემიძლია წინ წასვლა, რადგან ჩემთვის პირველ რიგში ადამიანური თვისებებია მნიშვნელოვანი და შემდეგ პროფესიული“, – აღნიშნავს კეხმანი.

გარდა ამისა, ის არ ეთანხმება ანანიაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ბალერინა ამბობს, რომ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასისთვის რეპერტუარის შედგენა ევალებოდა.

„ვფიქრობ, ბევრი ვერ დაიკვეხნის ისეთი ფართო რეპერტუარით, როგორიც ნოვოსიბირსკშია. ამიტომ, ის წინადადებებიც კი, რომლებიც მან ჩემთან გააჟღერა, ძალიან მოკრძალებული იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,

ჩემთვის მთავარი მომენტი იყო, პირველ რიგში, მისი საერთაშორისო კავშირები, იმიტომ, რომ ის ნამდვილად ვარსკვლავია იაპონიასა და ამერიკაში, კორეაშიც და ჩინეთშიც. ბევრს ცეკვავდა იქ და კარგად იცნობენ. ის იცნობს ძალიან ბევრ მოცეკვავესა და დასის ხელმძღვანელს. მინდოდა მისი შესაძლებლობების გამოყენება იმისთვის, რომ ნოვოსიბირსკში მომეწვია ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც დღეს სამუშაოს გარეშე სხედან.

ამას დამატებული, განცვიფრებული ვიყავი თბილისის თეატრის სილამაზით და რა თქმა უნდა, მსურდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობების პირობებში, ქართულ თეატრთან მეთანამშრომლა“, – ამბობს ვლადიმერ კეხმანი ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან, საქართველოში მუშაობის პარალელურად, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანანიაშვილმა თავისი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომლის წინაშეც მისი საბალეტო დასი დადგა.

„მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია“, – ამბობდა ნინო ანანიაშვილი ინტერვიუში.

9 იანვარს რუსულმა თეატრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ანანიაშვილთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებდნენ. ხელშეკრულების საბოლოოდ გაწყვეტის გადაწყვეტილება 13 იანვარს იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანიანიაშვილს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]