მინისტრმა დაადასტურა, რომ ბრძანების ხელმოწერამდე ნამდვილად მიიღო რეჟისორ ქეთი დოლიძისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება, რითიც ის ჩაიზე ეპატიჟებოდა და შერიგებას სთავაზობდა.
„როგორც კინო-მსახიობთა თეატრის, ისე თოჯინების თეატრის შემთხვევაში, ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ. არასერიოზული მგონია მთელი ეს საუბარი, აქ საბავშვო ბაღი არაა და განაწყენება-დაზავებაზე საუბარი ჩემთვის უადგილოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული, არც არვის წყენა-არწყენაზე. არ ვარჩევთ იმას, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ვიღაცის დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვირჩევთ პირებს, რომლებსაც ევალებათ, პირველ რიგში, სწორედ ადმინისტრირება, საორგანიზაციო საკითხები და მენეჯმენტი და ამ ნაწილში, როგორც აღვნიშნე, კატასტროფული უუნარობა და არაკომპეტენტურობა წარმოაჩინა წინა ხელმძღვანელობამ“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი კი 2009 წლიდან იყო. მას გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი 24 ივლისს გამოაცხადა.