weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უფრო კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრები შევინარჩუნეთ – წულუკიანი

12:43 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კადრები შეინარჩუნეს, რომლებიც უფრო კომპეტენტურებად და კეთილსინდისიერებად იქნენ მიჩნეული. 

„რეორგანიზაცია ჩავატარეთ ჩვენს რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ხელოვნების მუზეუმში და ის კადრები, რომლებიც ჩაითვალა, რომ იყვნენ უფრო კომპეტენტურები, უფრო კეთილსინდისიერები, რა თქმა უნდა, შევინარჩუნეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სამსახურიდან გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმის, ხელოვნების მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 70-მდე დასაქმებული, მათ შორის, 36 – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

საინიციატივო ჯგუფ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წევრი, იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ თანამშრომლების დევნა მათ მიერ დაფიქსირებული განსხვავებული აზრის გამო მოხდა. 

„ხელოვნების მუზეუმში არანაირი რეორგანიზაცია არ ყოფილა. ეს იყო დაგეგმილი პროცესი, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ არასასურველი კადრები გაეთავისუფლებინათ. გაათავისუფლეს ადამიანები, რომელთაც ხელოვნების მუზეუმი დღემდე მოიტანეს. ჩვენ ვიცით მინიმუმ 8 ადამიანი, ვისაც გასულ წელს, ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერ აქციაზე ხელი აქვს მოწერილი ორ პეტიციაზე და დღეს ისინი აღარ მუშაობენ ხელოვნების მუზეუმში“, – განაცხადა სალაძემ 21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე.

გათავისუფლებული თანაშრომლები, რომელთა შორის ძირითადად ხელოვბნებათმცოდნეები არიან, ამბობენ, რომ მათი კოპეტენცია იურისტებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.

„ახალი დირექცია გვყავს, რომელიც იურისტებით არის დაკომპლექტებული. მე ვიყავი კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი. გვევალებოდა ძეგლების შეფასება, დათარიღება და სხვა. ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სტატიების ავტორი, მაქვს მონოგრაფიები – საკუთარ თავზე ძნელია ბევრის ლაპარაკი. ყველას ერთი ბრძანება მიუვიდა, შაბლონური ტექტი იყო, იქ წერია პირდაპირ, რომ კომპეტენციას მიწუნებენ. ხელს აწერს ჩვენი დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი. მან ჩემი კომპეტენცია როგორ დაადგინა, ცოტა ძნელი გასაგებია, იმიტომ, რომ ჩემს სფეროში არაფერი იცის. მე ვფიქრობ, ეს დირექტორების ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის მინისტრის პირადი დავალება იყო. მან იცის ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი შეხედულებები და აქედან გამოვიდნენ“, – ამბობს გიორგი გაგოშიძე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგნტოში წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა გიორგი გაგოშიძესთან დაკავშირებით თქვა, რომ ის სისტემაში 2010 წელს მივიდა და „სულის ჩამდგმელი იყო“ იმისა, რომ გელათის ტაძარი „უვარგისი კრამიტით“ გადახურულიყო.

„მან თავის თანამოაზრეებთან ერთად ჩათვალა, რომ გელათზე შეიძლება ექსპერიმენტი ჩაატარო“, – განაცხადა წულუკიანმა.

იმავე ეთერში წულუკიანმა აღნიშნა, რომ შორს არის აზრისგან, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები პროფესიონალები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]