weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზიურ ოსკარებზე ორმა ქართულმა ფილმმა 4 ჯილდო მოიპოვა

11:32 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში აზია-წყნარი ოკეანის ზონის ფილმების დაჯილდოების (Asia Pacific Screen Awards) საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვეს.

დაჯილდოვების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.

ჟიურის გრან-პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორ ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა“. ამავე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის კი მსახიობი ნატა მურვანიძე დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

მოგეხსენებათ, „საშიში დედა“ ამერიკულ ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად საქართველოს რჩეული ფილმია, რომელსაც უკვე მიღებული აქვს „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.

კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე“, იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს. აქამდე ფილმმა სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი ერგო.

ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ „20 Steps Productions“, პროექტის „ნენე“ განსავითარებლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

Asia Pacific Screen Awards, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით სტუმარი ესწრება, 2007 წლიდან იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმი ამ დაჯილდოებაზე პირველად 2012 წელს მოხვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში და ეს იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური კინონამუშევარი „ბახმარო“, გასულ წელს კი ფილმისთვის „პრეზიდენტი“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული მიშა გომიაშვილი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]