weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამუშაოები, რომელიც კაშხალს არ მოიცავს, გაგრძელდება – თურნავა ნამახვანჰესზე

21:26 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ექსპერტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურნავა და დავითაშვილი შეხვედრის მონაწილე დარგობრივ ექსპერტებთან - ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ ნამახვანჰესის პროექტის კვლევებზე. სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობდნენ შეხვედრაში.

„შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, თუ ექსპერტები გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ კვლევების რომელიღაც კომპონენტი შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, იგივე ფორმატით შეიკრიბებიან, მოუსმენენ მათ რეკომენდაციებს, შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებს და ინვესტორ კომპანიას წარუდგენენ.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს. ნათელა თურნავამ განმარტა, რომ ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს.

„რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა და სამუშაოები გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, საბოლოოდ კი 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა 14 მარტს გამართულ აქციაზე. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნას, საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-დან 12 თვემდე შეჩერდება – პრემიერი

„ნამახვანჰესის“ დირექტორად მერაბ ლომინაძე დაინიშნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]