weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულების პატიმრობას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

12:50 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020
ფოტოზე - ილიჩოვა და მელაშვილი ფოტოზე - ილიჩოვა და მელაშვილი

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა აღკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი, იქ არაფერი წერია მოტივაციაზე. აპელაციამ გვითხრა, რომ შეამოწმა გარკვეული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და კანონიერი, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამის მტკიცებას გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა ივერ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, საქმის ნაჩქარევად მომზადება და გადაწყვეტა პოლიტიკურ კონტექსტზე მიანიშნებს.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სადავო რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი უარი ითქვა მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

როგორც ცნობილია, სადავო რუკა და სხვა მასალების ნაწილი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და საქართველოში ჩამოიტანა. ხიდაშელის განცხადებით, რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

 

ამ თემაზე:

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან – ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

ამ ორ ადამიანს ბოდიშს ვუხდი – ეპისკოპოსი მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

ის ხალხი ქვეყანას და სიმართლეს ემსახურებოდა – სინოდის წევრი „კარტოგრაფების საქმეზე“

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 1938 წლის რუკა ამყარებს ჩვენს პოზიციას – დარსალია

ნოღაიდელმა დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში გაგზავნილ წერილზე განმარტება გააკეთა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]