weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ტვ პირველზე“ სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტია – სახალხო დამცველი

21:09 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც პროკურატურას უფლებას აძლევს ტელეკომპანია „პირველში“ ამოღება განახორციელოს, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა „არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, [..] უფლების ხელყოფას“.

„სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით.

სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტია, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესად აღიქვამს.

„ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში - სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, განჩინების აღსრულება ხომ არ გამოიწვევდა ჟურნალისტის ხელთ არსებული სხვა წყაროს ვინაობის გამჟღავნებას, რაც მეათე მუხლის დარღვევის დამატებითი საფუძველია.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც „მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

9 მარტს პროკურატურამ ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად გამოძიება დაიწყო. სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ „ინფორმაციის მოპოვება პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან და შესაბამისად, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის“.

ნოდარ მელაძე მიიჩნევს, პროკურატურის მიზანი არის არა „ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა“, არამედ კონფიდენციალურ წყაროზე გასვლა.

 

ამ თემაზე:

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – კოალიცია

 ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღებაზე ნებართვა გასცა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]