weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

PHR-ი ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვს

09:59 პარასკევი, 04 ივნისი 2021
ფოტოზე - ანა არგანაშვილი ფოტოზე - ანა არგანაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის(PHR) დღეს სასამართლოს მიმართავს და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანა არგანაშვილის განცხადებით, მხოლოდ დაწესებულებაში მონიტორინგტის განხორციელების მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.

„სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

მას შემდეგ, რაც 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩასატარებლად არ უშვებდნენ, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა, შესაბამისად, სასამართლომ PHR-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონის ადმინისტრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, 7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც საქართველოს მთავრობას პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის ეს მოთხოვნა დღემდე არ შეასრულა.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს იქ შესვლის შესაძლებლობას სხლათელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევენ. მეუფე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ოფიციალური მონაცემებით, 53 აღსაზრდელია. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც მის წარმომადგენლებს შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძებლობა არ ეძლევათ. 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვე პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც ვერ შედიოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]