weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ექვსი თვე ვერ შედიოდა

01:10 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლებს 2020 წლის 20 ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე არ ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში.

„ეს გარემოება პანსიონის მხრიდან ახსნილი იყო კოვიდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ მართლაც ვცდილობდით, რომ ბევრი ვიზიტები სხვა სერვისებშიც არ განგვეხორციელებინა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დაწესებულებებში არ შევდიოდით. შევდიოდით, თუმცა მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები პანსიონში არ შეეშვა, მაღლაფერიძემ თქვა, რომ დაწესებულებასთან კომუნიკაცია მუდმივად ჰქონდათ.

„ეს ასე არ იყო, რომ დაწესებულებასთან კომუნიკაცია გაწყდა. ჩვენი მხრიდანაც ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბავშვები არიან განთავსებული, პერმანენტულად ეგზავნებოდა რეკომენდაციები კოვიდთან დაკავშირებით - ვთქვათ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ან პირიქით, ასეთ დაწესებულებებში ხანგრძლივი მორიგეობის რეჟიმებზე გადასვლა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება პერსონალი გახდეს ინფექციების წყარო.

ასევე, იქ, სადაც ხშირი და ინტენსიური მონიტორინგები არ ხდებოდა სატელეფონო ზარები და ამაზე სპეციალური ოქმები დგებოდა იმისთვის, რომ არ შექმნილიყო ვაკუუმი“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს პანსიონში მონიტორინგის განხორციელება შეეძლოს.

„სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა. მათ აქვთ მონიტორინგის უფლება კი არა, ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ანგარიშები, რადგან იქ წარმოდგენილი რეკომენდაციები, როგორც წესი, გვეხმარება სისტემის დახვეწაში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რაც მის კომპეტენციაშია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ბავშვზე, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მისი ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად 53 ბავშვი ირიცხება.

„2016 წელს, როდესაც ლიცენზირების პროცესი დასრულდა, ჩაირიცხა 127 აღსაზრდელი. მას შემდეგ 74 ბავშვი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ამოირიცხა. ზოგიერთმა ზრუნვის ფორმა შეიცვალა, ზოგიერთი სრულწლოვანი გახდა ა.შ. ზრუნვის ფორმის შეცვლა ნიშნავს, რომ მათ უნდათ შეიცვალონ დაწესებულება. ექვსმა არასრულწლოვანმა მოითხოვა, რომ ქალაქთან ახლოს გადმოვიყვანოთ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და იქ სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების საშუალებას 2018 წლიდან არ აძლევენ. მიმდინარე წელს პირველი ასეთი შემთხვევა 15 აპრილს დაფიქსირდა. მაშინ სახალხო დამცველმა ისიც განაცხადა, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

პანსიონის ადმინისტრაციას სახალხო დამცველის წარმომადგენლების არ შეშვების მითითება მისცა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაავალა, რაც ხელისუფლებამ დღემდე არ შეასრულა.

სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

 

ამ თემაზე:

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს იძიებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]