ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში მამინაცვალი, 50 წლის ვეფხია ბაქრაძეა ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა გერს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრა.
„თუ მე რაღაცაზე შევეწინააღმდეგებოდი ან რაღაცას მოვითხოვდი, უკვე აგრესიული იყო. ქვით რომ მცემა და დაზიანებები მომაყენა, მაშინ საავადმყოფოში ერთი თვე ვიწექი, ოთხი თვე სახლში ვიყავი, ვერ ვმუშაობდი. როცა დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მოიხადა, შეწყალებაზე ციხიდან დამირეკა. შეიძლება მე ვერაფერში დამეხმაროს, მაგრამ ჩემ შვილს წაადგებაო. ვუთხარი, შენი შვილის ხათრით გავაკეთებ მეთქი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავწერე განცხადება, გთხოვთ, შეიწყალოთ მეთქი. იმის მერე, წელიწადნახევარზე მეტი მირეკავდა ციხიდან. მხოლოდ 2-ჯერ ვიყავი მასთან მისული. არანაირი ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი. ციხიდან რომ გამოვიდა, 28 ან 29 მაისი იყო. მირეკავდა, მესიჯებს მიგზავნიდა. არცერთი შეტყობინებისთვის, არცერთი ზარისთვის არ მიპასუხია.
ბოლო-ბოლო გამაგებინე რას ფიქრობო. ხომ გითხარი, მე შენს გვერდით ვერ ვიცხოვრებ მეთქი.
წამიყვანა ვაშლიჯვრისკენ, სადღაც შორს. ტელეფონი გამომართვა, მანქანის კარი ჩაკეტა, ეხლა უნდა მოგკლაო. ყელში ხელი წამიჭირა, სახეზე დამარტყა. უკანა სავარძლიდან დანა ამოიღო და ყელზე მომადო. წინააღმდეგობა გავუწიე. ფეხები თოკით შემიკრა და საბარგულში ჩამაგდო. მითხრა, თავი არ ამოწიო, თორემ აქვე გამოგჭრიო ყელს. დანა ეჭირა ხელში. წამიყვანა კუმისში, სადაც ბინა აქვს ნაყიდი. ოთახში ჯაჭვით დამაბა, ფეხები შემიკრა. იქაც მცემა.
ძალიან ნაცემი ვიყავი. ცოტა ხნის მერე მოფერება დამიწყო - ეს რა გამაკეთებინეო. შერიგება უნდოდა. ორი კვირა იქ ვყავდი. გარეთ ვერ გამოვდიოდი. წამლები მომიტანა. ვერ ვიჩივლე, რადგან არსად მიშვებდა. ჩაკეტილი ვყავდი. მუდმივად მემუქრებოდა, რომ თუ ვიჩივლებდი, გამამწარებდა“, - ამბობს ნათია გობაძე.
მისივე თქმით, მუქარის მიუხედავად, ბოლო პერიოდში პოლიციას რამდენჯერმე მაინც მიმართა. სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს და ვეფხია ბაქრაძეს მეუღლესთან ურთიერთობა აუკრძალეს. „ქობულეთში რომ ჩამოვიდა და ქვით მცემა, მაშინაც იყო შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, მაგრამ შედეგად რა მივიღე? ყბები დამიმტვრია. ახლა, ბოლოს, პარასკევს, ჩემმა შვილმა, თამარმა ძალით წამიყვანა პოლიციაში. როდემდე უნდა გაუძლო მისი მხრიდან ცემას და მუქარას, პოლიციას კიდევ მივმართოთო. არ მინდოდა პოლიციაში წასვლა, რადგან მეშინოდა.
მკვლელობა სანამ მოხდებოდა, იმ დღეს, პოლიციაში რომ მივედი, ვუთხარი, შემაკავებელი ორდერი აღარ შველის, იქნებ დააკავოთ მეთქი. პოლიციელებმა – ფაქტი გვჭირდებაო. ახალი გამოსული იყო ჩემი გოგო პოლიციიდან, რომ დანით ყელი გამოჭრა ბავშვების თვალწინ და როგორც გავიგეთ, ბენზინით დაწვას აპირებდა“.
ის მხოლოდ ჩემზე არ ძალადობდა, თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა, სცემდა, რამდენჯერმე ხელიდან გამომიგლეჯია. როცა ქობულეთიდან „ჩამომასვენეს“, მისი მეორე გოგო ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ბავშვი მუცელში დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არ მოკლა მაგან, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული“.
ნათია გობაძის თქმით, შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა რომ უცხოეთში წასულიყო, რის შესახებაც მისმა მეუღლემ გაიგო: „იტალიაში ვაპირებდი წასვლას. ეს რომ გაიგო იუსტიციის სახლში ძალით წამიყვანა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი იმიტომ, რომ ვიცოდი რაღაცას გამიკეთებდა - ან ჩამკეტავდა ან მართლა მომკლავდა. ქორწინებაზე ხელი მომაწერინა ძალით. ეს 30 მარტს მოხდა“.
ვეფხია ბაქრაძე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
„სამუდამო პატიმრობას ვითხოვ. მაგნაირ ადამიანს გარეთ რა უნდა? დედა ბავშვებს თვალწინ მოუკლა და შველის საშუალებაც არ მისცა. მთელი ცხოვრება ბავშვები ამხელა სტრესში უნდა იყვნენ, ჩემი შვილი ხომ სამუდამოდ დავკარგე და მაგას რაღაც წლები უნდა მისცენ? გასულ წელს ციხიდან რომ გამოვიდა, ძალიან ბედნიერი იყო. ისეთი კარგად ვიყავიო, კმაყოფილი იყო. არაფერი არ მეკლდა, მარტო დასალევი არ მქონდაო“, – ამბობს ნათია გობაძე.
ვეფხია ბაქრაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 6 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამ თემაზე:
თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ვეფხია ბაქრაძე მეორედ მომართვის შემდეგ შევიწყალე, ოჯახის სურვილით
ზვიად ქორიძე – რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ სამინისტროდან დადებითი დასკვნა