წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები, ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება.
„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
წითელი ჯვრის მიერ ოჯახისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, დაკავებულის ქმარმა განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
გუშინ სახალხო დამცველმა ოთინაშვილის ოჯახის წევრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქალი სავარაუდოდ ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე ცემეს.
სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. 2 ოქტომბერს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, ოთინაშვილს აღკვეთის ღონისძიება 10-დღიანი პატიმრობით შეეცვალა.
საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 გატაცებული ქალია.