„რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს, ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?“ – უთხრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს კალაძემ.
პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერს, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ბიზნესმენ ჯონი გიგანს, სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ორი - დავით ბაიდარაშვილი და გიორგი კერვალიშვილი, 700-700 ლარით დააჯარიმა. მესამე დაკავებულის, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის, დავით მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მაჭავარიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.