weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში ოჯახების შესახლებას კანონი არ კრძალავს – მერის მოადგილე

17:46 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ადასტურებს, რომ დიდ დიღომში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გუშინ ბუნებრივი აირი აფეთქდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ელოშვილის განმარტებით, შენობაში გაზის შეყვანა ექსპლუატაციაში მიღების „პირდაპირი ნაწილი“ არ არის.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღება ეს არის მერიის მხრიდან საბოლოო აქტი, სადაც სანებართვო პირობებთან შესაბამისობა მოწმდება.

„ენერგომატარებლების შეყვანა ეს არის ცალკე განყენებული საგანი, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი და შესაბამისად, თითოეული ენერგომატარებლის [იქნება ეს წყალი, დენი თუ გაზი] შეყვანა შესაძლებელია ექსპლუატაციაში მიღებამდე შესაბამისი პროექტების, ლიცენზირებული კომპანიების და შესაბამისი სტანდარტების დაცვით. ეს მოეთხოვება მშენებელს და მკაცრად რეგულირდება სემეკ-ის მიერ. ამიტომ,

ექსპლუატაციაში მიღების დაკავშირება იმასთან, რომ არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურა, სადაც ოჯახებს ცხოვრება შეეძლოთ, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

კითხვაზე – შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, რატომ ცხოვრობდნენ იქ ოჯახები, ელოშვილმა უპასუხა, რომ კანონით ეს აკრძალული არ არის. მისივე თქმით, თუ გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთება, რომ ეს პრაქტიკა სამომავლოდ საფრთხის შემცველია, კანონმდებლობა გადაიხედება.

„ექსპლუატაციაში მიღება პირდაპირ არ არის დაკავშირებული ფუნქციონირებასთან, ანუ კანონი არ კრძალავს ამას, თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ სასურველია, ოჯახების შესახლება ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდეს, როდესაც ყველა პროცედურა დასრულებული იქნება. მესმის, რატომ არ კრძალავს ამას კანონი. იმიტომ, რომ როცა ექსპლუატაციაში უნდა მოხდეს კორპუსის მიღება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მცირედი გადახვევაც კი იწვევს ხოლმე გაჭიანურებას ამ პროცედურების და ამ დროს მოსახლეობას უკვე სჭირდება საცხოვრებელი და ისინი შედიან. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამიტომ, ის ოჯახი, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, უკვე ცხოვრობდა ამ ბინაში“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ცალსახად თქმა, რა მოხდა დიდ დიღომში, ამ ეტაპზე არ შეუძლია.

„საკმაოდ უცნაური გარემოებებია – დავუშვათ, როგორ მოხდა ესეთი რაოდენობის გაზის დაგროვება სახლში, თუკი კერა იყო გაზქურა და სახლიდან მოხდა აფეთქება, ან რატომ გამოიწვია ლიფტის შახტაში ასეთი დაზიანებები.

ამას სერიოზული კვალიფიციური შესწავლა სჭირდება, რაც ახლა მიმდინარეობს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – გამოძიება იქნება ძალიან ობიექტური და თუკი ადგილი ჰქონდა გულგრილობას ან გადაცდომას, ან რაიმე შეცდომას, პირები იქნებიან თუ კომპანიები, მიიღებენ შესაბამის სასჯელს. ახლა თავს შევიკავებდი დასკვნებისგან, რადგან არ მინდა ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო“, – განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსში კომპანია „ყასტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები იყვნენ მისული, თუმცა „რა მოხდა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მათ დაზიანება, ამას გამოძიება გასცემს პასუხს“.

16 იანვრის საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებენ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტს საქართველოს ენერგოომბუდსმენიც სწავლობს. როგორც სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, იკვეთება შემოწმებაზე მისული „ყასტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]