weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა კავშირი აქვს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს „ცოცხალი მკვდრის“ საქმესთან

11:01 კვირა, 17 მარტი 2019

„ეს არის ქალბატონი, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე, 6 თვის შემდეგ, მოკლული აღმოჩნდა ცოცხალი. ამის შემდეგ იგი დაითხოვეს სასამართლო სისტემიდან, მერე „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მანვე გამოსცა განჩინება დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ ანუ მან დააპატიმრა დათო კირკიტაძე და გასულ თვეს, 15 თებერვალს, მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ოდიოზური ქალბატონი სასამართლო სისტემაში, გაამწესეს უვადო მოსამართლედ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 12 მარტს, გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის შემდეგ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, პოლიციელზე თავდასხმაშია ბრალდებული. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები თელავში ჩასვლას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. კახეთში ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებს თელავამდე მისასვლელი გზები რამდენიმე ადგილას პოლიციამ გადაუკეტა, მათ შორის ჩახერგეს ავტობუსებით. "ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში და არ ჩავატარებინებთ მაგ ქალს ინაუგურაციას იმიტომ, რომ არც მთავარსარდალია და არც პრეზიდენტი“, - აცხადებდა კირკიტაძე. მან ერთ-ერთ ავტობუსში შეღწევა ფანჯრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა, რა დროსაც საჭესთან მყოფ პოლიციელს ხელებითა და ფეხებით რამდენჯერმე დაარტყა.

კირკიტაძე 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან აფილირებულმა პირებმა მოსამართლე ნარიმანიშვილი კორუფციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მოსამართლემ დიდი ოდენობით საბანკო სესხის ვადაზე ადრე დაფარვა სწორედ იმ დღეს შეძლო, როცა კირკიტაძის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კირკიტაძის საქმე არსებითი განხილვისთვის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს დაეწერა. ადვოკატებმა რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა კირკიტაძის გირაოთი, შემდეგ კი პირადი თავდებობით გათავისუფლების თაობაზე. მოსამართლე ნემსიწვერიძემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დავით კირკიტაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იუსტიციის საბჭოს პასუხი მელიას ბრალდებებზე

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის მიმართ ნიკა მელიას ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით გამოეხმაურა.

„12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართა. სხდომას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს პროცესის მონაწილე მხარე არ დაეთანხმა.

დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას“.

„ცოცხალი მკვდრის“ საქმე

2007 წლის 27 ივნისს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს ალექსი ბახუტოვი, რომელსაც თელავის პოლიციაში არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიაცემინეს ჩვენება, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი მოკლა, გვამის გადამალვაში კი მას ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხია ხაჩოშვილი დაეხმარნენ.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ალექსი ბახუტოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დანარჩენი სამი პირი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის დაფარვისა და დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. თელავის რაიონულმა სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ლაშა ჩოფიკაშვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობა სსკ-ის 108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობა) გადაკვალიფიცირდა.

2007 წლის 24 აგვისტოს, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, ბრალდებულ ბახუტოვის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა, ალექსი ბახუტოვს, სასჯელის სახით, 6 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ისე, რომ გამოძიებას გვამი ნაპოვნი არ ჰქონდა.

20 სექტემბერს, ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის მკვლელობის ბრალდებითაც ალექსი ბახუტოვი გაასამართლეს, თელავში ცოცხალი გამოჩნდა. მან თქვა, რომ ის მთაში მწყემსად იყო წასული. პოლიციელებმა ზეწოლისა და მუქარის შედეგად, ჩოფიკაშვილს ჩვენება დააწერინეს, რომ ალექსი ბახუტოვმა მისი მოკვლა სცადა.

2007 წლის ოქტომბრის დასაწყისში ალექსი ბახუტოვმა გამომძიებლისა და ადვოკატისგან შეიტყო, რომ გარდაცვლილი ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალია და ამ ხნის განმავლობაში მთაში საძოვრებზე იმყოფებოდა. გამომძიებელმა ზ. წიკლაურმა მას ასევე აცნობა, რომ, ჩოფიკაშვილმა პროკურატურას მისცა ჩვენება და თქვა, რომ ბახუტოვმა კეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც იგი წყალში გადავარდა, ხოლო გონზე მოსული სოფელს გაერიდა.

19 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ალექსი ბახუტოვმა სახალხო დამცველს მიმართა. ბახუტოვმა განცხადებაში მიუთითა, რომ არჩადენილი დანაშაული წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შედეგად აღიარა.

2007 წლის 22 ნოემბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ზურაბ ჯავახიშვილის შუამდგომლობა, განსასჯელებთან - ხაჩოშვილთან, ცოციაშვილსა და გაუარაშვილთან ბრალზე და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. მოსამართლე ნემსიწვერიძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ბრალდებულები დამნაშავედ სცნო, მათ ბიუჯეტში ჯარიმის სახით ფული გადაახდევინეს და საპროცესო შეთანხმების თანახმად, სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ალექსი ბახუტოვს, კახეთის საოლქო პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ალექსი ბახუტოვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

დაწინაურებული მოსამართლეები და პროკურორები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ცოცხალი მკვდრის“ საქმის ზედამხედველი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი დააწინაურეს და თელავის პროკურორის მოადგილედ დანიშნეს. ამ საკითხზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ალექსი ბახუტოვის საქმის შესწავლა დაიწყო.

2013 წლის მარტში, თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ჯავახიშვილი პასუხისგებაში მისცეს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

პროკურატურამ ზურაბ ჯავახიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვა.  „ზურაბ ჯავახიშვილს მსხვერპლად განვიხილავთ. იმის საჭიროება რომ დაგვენახა, რომ ის ყოფილიყო გისოსებს მიღმა, ამას გავაკეთებდით, მაგრამ წინასწარ დაპატიმრების ან გირაოს შეფარდების საჭიროება ვერ დავინახეთ. ის ჩვენებაში უთითებს ვისგან იღებდა დავალებებს. ის ადამიანები, ვინც მას დავალებებს აძლევდა, აღარ მუშაობენ სისტემაში. ვისაც ის ასახელებს როგორც დავალების მიმცემს, ან შეთანხმების განმახორციელებელს მასთან, არცერთი არ მუშაობს პროკურატურაში“ - განუცხადა იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

საბოლოოდ ზურაბ ჯავახიშვილს პროკურატურამ განრიდება გაუკეთა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

2013 წელს ზურაბ ჯავახიშვილი თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსად დაინიშნა.

2004-2011 წლებში კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი იყო. „ცოცხალი მკვდრის“ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილებები მასთან და მის მოადგილესთან, ვაჟა მაღრაძესთან თანხმდებოდა. 2011 წლის 4 ივლისს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის N351 ბრძანებულებით, თამაზ ცაბუტაშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, 10 წლის ვადით. ვაჟა მაღრაძე ამ დრომდე კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილეა.

მარინე ცერცვაძე დღემდე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობს. 2009-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნათელა ჯაშიაშვილი მოსამართლედ 2015 წლის ჩათვლით მუშაობდა. 2009-2012 წლებში იყო ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2012-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის მარტში დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2014-2015 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში. ის თანამდებობაზე 10 წლით იყო დანიშნული და ეს ვადა ჯერ ამოწურული არ ჰქონდა, თუმცა 65 წლის გახდა და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო უფლებამოსილება შეუწყდა. ნათელა ჯაშიაშვილს კანონის ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე 2009 წლის ჩათვლით მუშაობდა ახმეტის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2010 წლიდან ის რეზერვში გადაიყვანეს. 2010-2014 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის კონსულტანტად; ამ პერიოდში, „ცოცხალი მკვდრის“ საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნუნუ ნემსიწვერიძე განმარტავს, რომ მასზე ამ საქმის ირგვლივ ზეწოლა არავის განუხორციელებია, განსხვავებით სხვა საქმეებისგან: „მე მაინც დავუსვი ბახუტოვს კითხვა, ნამდვილად მოკლა თუ არა ლაშა ჩოფიკაშვილი. იყო თუ არა დარწმუნებული, რომ როდესაც მას დაარტყა, ის ნამდვილად მკვდარი იყო. მან განმიმარტა, რომ ნამდვილად მოკლა, უფრო მეტიც, თქვა, რომ დამარხა. შემდეგ ამოთხარა, ურიკით მიიტანა მდინარე სტორთან და წყალს გაატანა. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, განსხვავებით სხვა საქმეებისგან. მე 2009 წელს გამიშვეს რეზერვში იმის გამო, რომ ბრმად არ ვასრულებდი მათ მოთხოვნებს“. 2014-2015 წლებში ნუნუ ნემსიწვერიძე მუშაობდა იურიდიული სამსახურის კახეთის ბიუროში ადვოკატად; 2016 წლის თებერვალში დაინიშნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ყვარლის მუნიციპალიტეტში. 2018 წლის 27 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნუნუ ნემსიწვერიძე უვადო მოსამართლედ დანიშნა.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]