კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შრომის ანაზღაურება 3300 ლარია. იგი ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ სქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებით და დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.
ნათია კაპანაძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს, 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძისთვის უნდობლობის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. კაპანაძის გადაყენებას მხარი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი იყო. ნათია კაპანაძე საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მას თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი.