აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება აცხადებს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინეს საქართველოს სასაზღვრო სამსახურს. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფო საზღვართან ნებისმიერი პროვოკაცია, დაუყოვნებლივ აღიკვეთება, ხოლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პროვოკაციის ორგანიზატორებს.
დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გარეჯობის დღესასწაული აღინიშნება.
დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დღემდე შეთანხმებული და დადგენილი არ არის. 2019 წლის მაისიდან ამ საკითხზე მუშაობა განაახლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. კომისიის მუშაობის კონკრეტული შედეგების თაობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეწვია. როგორც მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით ჩაკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი და ტურისტებსა და სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. მაისის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.