weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებს – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ნარიმანოვის ძეგლზე

18:44 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ამირან გიორგაძე კანონს არღვევს იმით, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს დღის წესრიგში არ აყენებს. ეპისკოპოსმა ამაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. 

მეუფეს თქმით, ის არავის წინააღმდეგ არ არის, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ „მტრის ხატსა და ძეგლს თავის ეპარქიაში არ გააჩერებს“.

„ნარიმანოვის ავადსახსენებელ ძეგლთან დაკავშირებით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. სამართლებრივი გზით წავედით. ეს არ არის მხოლოდ ის 7 კაცი იმ საინიციატივო ჯგუფისა, არამედ მთელი საზოგადოების ყურადღება მიქცეულია ამის მიმართ. საკრებულოში შევიდა, რომ მას ემსჯელა ამ საკითხზე, საკრებულოს დაედგინა ამ ძეგლის კანონიერება და კანონქვემდებარე აქტით შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულო მასზე დაკისრებულ მოვალეობას გაურბის.

პირდაპირ რომ ვთქვათ, საკრებულოს თავმჯდომარე უარს აცხადებს ეს საკითხი დააყენოს დღის წესრიგში. ამით ის, რა თქმა უნდა, არღვევს კანონს, როგორც მერმა დაარღვია კანონი. ფაქტობრივად, ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა გზას, რომ ჩვენთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებები გამოვიყენოთ, მაგრამ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ეს ყველამ იცოდეს.

ვერავინ და ვერაფერი მე ვერ გამაჩერებს... ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობა არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ნდობის მანდატს, რომელიც არჩევნების დროს მივეცით, იყენებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს რაც ხდება სახელმწიფოს შეთქმულებაა“, – თქვა მეუფე გიორგიმ.

სასულიერო პირს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მირან გიორგაძემ სათემო რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ საკრებულო კანონს არღვევს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. 

„არსებობს შესაბამისი უწყებები საიდანაც ჩვენ პასუხები გვჭირდება. ამ პასუხების საფუძველზე შესაბამისი კომისია განიხილავს საკითხს, მიიღებს გადაწყვეტილებას რომ საკითხი საკრებულოზე გავიდეს და ა.შ. კანონი ჩვენ დროში არ გვზღუდავს, ამიტომ ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ რაღაც კანონებს ვარღვევთ“, – განაცხადა ამირან გიორგაძემ „მარნეულთან“.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება 24 მაისს მოითხოვა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაურ დარგალს ძეგლის დემონატჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა. სასულიერო პირმა ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ მერის გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა.

„მე პირდაპირ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არათუ მარნეულში, არამედ აღმოიფხვრას ყოველგვარი ასეთი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა“, – განაცხადა მეუფემ 24 მაისს, ქადაგებისას.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სუს-ის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები გამოკითხეს. გამოკითხვაზე დაიბარეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. ყველა მათგანს სუს-მა გამოძიების ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა. თავად ეპისკოპოსი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. როგორც მან თქვა, მისი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივებას და ადგილობრივი აზერბაიჯანელების დისკრიმინაციას არ ემსახურებოდა.

EMC-მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი დაიბადა 1870 წლის 14 აპრილს და გარდაიცვალა 1925 წლის 19 მარტს. არის აზერბაიჯანელი მწერალი, ბოლშევიკი. 1920-1921 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. მარნეულში მისი ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო.

 

ამ თემაზე:

ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა იდგეს, მაგრამ ულტიმატუმები საჭირო არაა - ლაშა ბაქრაძე

მთავარი არა ძეგლების, არამედ ცნობიერების შეცვლაა - ირაკლი ხვადაგიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]