weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სიუჟეტის შემდეგ დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

09:35 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში დღეს, 11:00 საათზე მივა.

პირველ აგვისტოს, „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალება, სავარაუდოდ, სამ ქართველ მაღალჩინოსანს უკავშირდება, რომელთა შესახებაც ბაჩალიაშვილმა მუშაობის დროს კომპრომატები მოიპოვა. „ფორმულა“ იუწყება, რომ ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, სანდო წყაროსგან მიიღეს.

წყაროს ინფორმაციით, 18 ივლისს, გაუჩინარების დღეს, დილით, თამარ ბაჩალიაშვილს WhatsApp-ის აპლიკაციით დაურეკეს და კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს. სიუჟეტის თანახმად, ბაჩალიაშვილს გაუგზავნეს ადგილი, სადაც უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათი წყარო ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

„ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი მარნეულში ჩაიყვანეს, ინექციით გათიშეს და მანქანა ბუქსირით გოლთეთის მინდორთან მიივანეს, შემდეგ კი გზიდან ხელით მიაგორეს. წყაროს თანახმად, ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს, 22 ივლისს ნახეს.

„ფორმულას“ თანახმად, მათი წყარო ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ყველანაირი კვალი წაშლილია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან 18 ივლისს, დილით საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 18 ივლისს, საღამოს მიიღეს. 19 ივლისს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიანმა“ კამერამ დააფიქსირა. აქედან მისი კვალი დაიკარგა. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

ოჯახი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში სდებდა ბრალს, რის გამოც ფონიჭალაში აქციაც გამართა. შსს აცხადებს, რომ დაკარგულის სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. ამის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილი მხოლოდ მეოთხე დღეს, 22 ივლისს იპოვეს. ავტომობილი და ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე არასრულწლოვანმა მწყემსმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.

შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულია ცენტრ „ემპათიას“ დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალის სიკვდილის ხანდაზმულობაა 3-5 დღე იყო. დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, გვამზე ხილული ტრავმული დაზიანებების კვალი არ არის, ხოლო სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შორსწასული გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისათვის აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ის ვებ დეველოპერად კომპანია „ზეგ“-ში მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]