weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძმისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა – შსს

17:45 შაბათი, 12 დეკემბერი 2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებული ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა და დღემდე არ არის დაკავებული.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

26 ოქტომბერს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყებამ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]