ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა:
„სკოლები და საბავშვო ბაღები ნამდვილად ჩვენი პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენ არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ხშირად ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.
ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ჯანდაცვს მინისტრმა.
სკოლებში არდადეგები 15 იანვარს სრულდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 16-17 იანვარი უქმე დღეებს ემთხვევა, სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან უნდა განახლდეს. განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ თუ დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 19 438 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 551.
ამ თემაზე:
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება