ამ საკითხზე გომელაურს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„დავაკავებთ რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება. ნუ, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო? შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ თემებს, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.
შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა.
23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.
26 ოქტომბერს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყებამ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.