weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ აქციის მონაწილის თქმით, პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

12:51 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

სოფელ შუქრუთში მცხოვრები ვერა კუპატაძე, რომელიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეა, მის მიმართ მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ტელეფონით უცნობი პირი დაუკავშირდა და ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა.

ვერა კუპატაძემ და კიდევ ორმა ქალმა პირი 24 მაისს ამოიკერეს და შიმშილობა გამოაცხადეს. ქალის თქმით, მეორე დღეს უცნობმა პირმა დაურეკა და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მეუბნებოდა - შენი შვილის მეგობარი ვარ, შენთვის კარგი მინდა, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წევრზე და გასაჯაროვდება, არ მინდა ასეთ ტალახში გაისვაროს შენი ოჯახიო“, – ამბობს ვერა კუპატაძე.

ქალის თქმით, პოლიციას იმ დღესვე მიმართა, მომხდარზე გამოძიების დაწყება და მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის დადგენა მოითხოვა.

„პოლიციაში მაშინვე მითხრეს, რომ ამის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნავს ვერა კუპატაძე.

უკვე 106 დღეა, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ სამართლიან კომპენსაციებს ითხოვენ.

11 მაისს აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა და სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დახმარება მოითხოვა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთი ადამიანი შეუერთდა.

30 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ჩავიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. ისინი დღემდე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ დახმარებას.

აქციის მონაწილეთა თქმით, გუშინ, პირველ ივნისს, მათთან შესახვედრად საელჩოს წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც დაპირდნენ, რომ მათ პრობლემას დეტალურად გაეცნობიან .

მოშიმშილეები მანამდე აპირებენ აშშ-ის საელჩოსთან დარჩენას და შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მზად არის, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და მიყენებული ზარალის შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს „მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]