weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი გაგონილია - ელჩი მოშიმშილე შუქრუთელებზე

14:36 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

„ჩვენ ვცდილობთ მათთვის შეხვედრების ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება, რათა პრობლემები გადაიჭრას. ჩვენი როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი. სხვა ინტერესი აშშ-ს არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან კარგად და მათი წუხილი არის მოსმენილი და გაგონილი“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები მეოთხე დღეა შიმშილობას თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აგრძელებენ.

როგორც კელი დეგნანმა თქვა, შეერთებულ შტატებს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში, მაგრამ

საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი აქციის მონაწილეებს გუშინ შეხვდა და მათი წუხილი მოისმინა.

106 დღეა, რაც სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიისგან, სახლების დანგრევისა და დაზიანების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვენ. კომპანიას სოფელ შუქრუთის ქვეშ მაღარო აქვს და მანგანუმს მოიპოვებს. 

11 მაისს აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა და სახელმწიფოსგან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დახმარება ითხოვა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთი ადამიანი შეუერთდა. რვა პირამოკერილს შორის სამი ქალია. 

30 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ჩამოვიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. ისინი დღემდე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ დახმარებას. მოშიმშილეები მანამდე აპირებენ საელჩოსთან დარჩენას და შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მზად არის, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და მიყენებული ზარალის შეფასების პროცესში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს „მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს“.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება.

 

ამ თემაზე:

ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ აქციის მონაწილის თქმით, პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]