აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ დახუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და „დაიხსნას ბავშვები ძალადობრივი გარემოდან“, სასწრაფოდ გამოიძიოს პანსიონთან დაკავშირებული დანაშაულებები და შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „დროა“ და მისი ლიდერი ელენე ხოშტარია არიან.
გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ოფიციალური მონაცემებით, 53 აღსაზრდელია. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც მის წარმომადგენლებს შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძებლობა არ ეძლევათ. 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვე პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც ვერ შედიოდნენ.
ბავშვთა პანსიონს სხალთის ეპარქიის მმართველი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც ფიქრობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია. პანსიონის ადმინისტრაცია სწორედ მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევს სახალხო დამცველის აპარატს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლებას.
მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაავალა, თუმცა ეს ვალდებულება ხელისუფლებამ დღემდე არ შეასრულა.