weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება

14:55 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება. როგორც მან პანსიონში შესვლამდე განაცხადა, შეხვდება დაწესებულების დირექტორს, მეუფე იაკობს და აპირებს ბავშვებთან გასაუბრებას.

„ვაპირებთ, რომ ვნახოთ რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ სოციალური მუშაკები, რომლებიც, როგორც ვიცით, აქ 24 საათი იმყოფებიან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დროისთვის პანსიონში 15 ბავშვია და იგეგმება უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა ალტერნატიულ ზრუნვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც დროულად იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული.

მართალია, აღმზრდელების ნაწილმა, რომლებზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, დატოვეს დაწესებულება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები იქნენ გადაყვანილი ალტერნატიულ ზრუნვაში. ძალიან მნიშვნელოვანია მათთან გასაუბრება. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება თავისუფლად მაინც ვერ შეძლონ. თუ ამის საჭიროებას დავინახავთ განმეორებითაც გავესაუბრებით“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარა, რამაც ბავშვთა მიმართ ძალადობა და დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. მონიტორინგის განხორციელება წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 15 აპრილს, პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მითითებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მეუფე სპირიდონი მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. 3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. მოსარჩელე მხარე და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]