weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის დავით კუტალაძე დააკავეს

11:16 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

მოძრაობა სირცხვილიას ოფისში, 5 ივლისს, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით კუტალაძეა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, 36 წლის ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გაუწორდნენ და სახის ძვლები დაუმტვრის. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ამბობს, მას სულ მცირე 20 ადამიანი სცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გაავრცელა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას აქციაზე დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო პაციენტის ისტორიის შესწავლა და საზოგადოებას შემოწმების შედეგებს უმოკლეს ვადაში გააცნობს. კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმაც. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში პოლიცია სწავლობს გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილებას. შსს-ს მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ 10 ივლისს, ლაშქარავა მეგობართან ერთად ორჯერ იმყოფებოდა ფონიჭალის დასახლებაში. „ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრები ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან“. რამდენიმე წუთში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კი ჭელიძემ განაცხადა, რომ გამოძიება ზედოზირების ვერსიასაც განიხილავს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა მედიასაშუალებების ორგანიზებით. ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებას ვადა დღეს, 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]