weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ ზვიადაურს თავდებში ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე უდგებიან

18:10 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

წინანდლის ტყეში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს, დაპატიმრების სანაცვლოდ, თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე. როგორც ზვიადაურის ადვოკატმა კახაბერ ცნობილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბექაურისა და ტალახაძის პირად თავდებობას სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას შესთავაზებს.  

„ზურაბ ზვიადაური თავს არ ცნობს დამნაშავედ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად შევთავაზებთ, რომ გირაოთი იყოს დატოვებული და ასევე, თავდებობასაც. ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ მოსამართლეს. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან თავდებში დაუდგნენ. არა მარტო ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძეც მზაობას გამოთქვამს. მზად არიან, რომ ჩაუდგნენ თავდებში ამ ადამიანს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ზურაბ ზვიადაური, რომელიც 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ლაშა ბექაურის ნათლიაა. 

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი. 

სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. 

თავდებობა აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას. თავდებთა რაოდენობას სასამართლო განსაზღვრავს. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდების შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, სასამართლოს შეუძლია თითოეულ თავდებს მხარის შუამდგომლობით ჯარიმა დააკისროს.

ამ თემაზე:

ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც უდგებიან

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]