weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზვიადაური კი არა, ჩემი შვილი იყო თავდაცვის რეჟიმში - მოკლულის დედა

23:56 პარასკევი, 27 აგვისტო 2021
ფოტოზე - მოკლული ნიკა კენჭოშვილი ფოტოზე - მოკლული ნიკა კენჭოშვილი

„ჩემი შვილი ჭიათურიდან წინანდალში სამუშაოდ იყო ჩასული. ფიზიკურად მუშაობდა, მშენებლობაზე, რომ შემოსავალი ჰქონოდა. იქ ის მარტო არ ყოფილა. ვიცი, რომ ნიკას არ უსვრია პირველად. ნიკა უკვე დაჭრილი იყო, როცა იარაღთან მივიდა და თავისი ახლობლები დაიცვა. ჩემი შვილი იყო თავდაცვის რეჟიმში, ზვიადაური კი არა. მითხრეს, რომ ნიკას ზურგში დანა ჰქონდა ჩარტყმული, მე არ მაჩვენეს ჩემი შვილის ცხედარი“, - აცხადებს წინანდლის ტყეში მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის დედა ნანა კენჭოშვილი.

კენჭოშვილების ოჯახი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებში ცხოვრობს.

ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ოლიმპიური ჩემპიონი, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური დაკავებული. 18 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზვიადაური ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და კენჭოშვილს ამიტომ ესროლა. ბრალდებულს სამი ადვოკატი იცავს. მათ თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველი დატოვა და ზვიადაური პატიმრობაში დარჩა. 26 აგვისტოს ზურაბ ზვიადაური ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების თქმით, ბრალდებულს ხერხემლის ტკივილები აქვს და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ თქვა, რომ შესაძლოა, მის კლიენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს, რადგან დაკავებამდე რამდენიმე ოპერაცია აქვს ჩატარებული.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

სისხლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

„ზურაბ ზვიადაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობა“ - განაცხადა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

ზვიადაური რომ გაქცეულიყო ან პოლიციაში დაერეკა, ვეღარ ვიძმაკაცებდი - ჭრიკიშვილი

ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც უდგებიან

ზურაბ ზვიადაურს თავდებში ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე უდგებიან

ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]