weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საელჩოები გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

14:30 შაბათი, 30 ივლისი 2022

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები გუდაურში გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან. ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ უსამძიმრებენ სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს.

განცხადება გაავრცელეს აშშ-ის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმაც.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს უკრაინის საელჩოც. „ნათელი ხსოვნა ყველა მიცვალებულს“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მომხდარ ტრაგედიას აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოებიც გამოეხმაურნენ.

„სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მეგობარ ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ ადამიანებს․ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსურვებთ გამძლეობას და  სულის სიმტკიცეს ამ მძიმე დანაკარგის დროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 29 ივლისს, გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რუსული წარმოების „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. მათგან ოთხი ეკიპაჟის წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი იყო.

ვერტმფრენის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და ტურისტის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ტურისტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, დაიღუპა, ხოლო საქართველოს მოქალაქე პარაპლანისტი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ თვეში გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას უკვე მეორე ტურისტი ემსხვერპლა.

ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „თითქმის კვირა არ გავა“ ისე, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო. მისივე თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან ფრენა საერთოდ აიკრძალოს.

„რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურის თქმით, გამოძიება დაადგენს, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.  

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს კლდესთან შეხების შედეგად ე.წ. კუდის როტორი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. მომხდარის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ქარი სახელდება.

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]