weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადვოკატმა სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის დაცვაზე უარი თქვა

09:54 კვირა, 22 ივლისი 2018

ადვოკატმა დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ აღარ დაიცავს 19 წლის მალხაზ კობაურს, რომელსაც ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობა ედება ბრალად. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩაბარდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხზე კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა.

ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება. ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.

ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა, რაც შეეხება ხადხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე.

ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც თბილი სიტყვებისთვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისთვის.

მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული. სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

გუშინ ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე და 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

11 ივლისს მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეში 13 ივლისს ჩაერთო და განაცხადა, რომ კობაური არა დამნაშავე, არამედ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლია. დავით გირგვლიანის თქმით, ორი უცხოელი, რომლებზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობდა, სავარაუდოდ ჩრდილოკავკასიელები იყვნენ, რომლებმაც სმიტების ოჯახის წევრები მოკლეს.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]