პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „იბერიას“ დამფუძნებლისა და პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადება „იბერიასთვის“ შესაძლო პრობლემების შექმნის შესახებ, ძალიან საყურადღებოა.
„ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიას უკავშირდებოდა საკითხი, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. პრეზიდენტი არის საქმის კურსში, ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ტელეკომპანია „იბერია“ მეორე დღეა საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, რადგან პარალიზებულია კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის. ამასთან, „იბერიას“ დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ირწმუნება, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს. ჩხეიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარების შეთავაზება მიიღო.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51 მლნ 717 ათასი ლარი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით შემდგარიყო გრაფიკი, ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა.