weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მონაპოვარი არ არის – აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები

12:19 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ემიჯნებიან მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. განცხადება, რომელსაც 310 თანამშრომლიდან 103 აწერს ხელს, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წარედგინა. აჭარის ტელევიზია იუწყება, რომ დაუკავშირდნენ იმ თანამშრომლებს, რომელთა ხელმოწერების იდენტიფიცირებაც შეძლეს, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერები ემიჯნებიან იმპიჩმენტის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას.

„ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

სამწუხაროდ, დღეს მაუწყებელში არსებობს შიშის ფაქტორი, ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ნათია კაპანაძე ტელევიზიის და რადიოს მართვისას ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც, მათი აზრით, ძალიან უარყოფიდად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

„არაპროფესიონალური მართვის შედეგი მძიმე ტვირთად აწვება მაუწყებელს. ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც.

იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიამ, სადაც ნათქვამია, რომ  მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში მედიის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზიანი მიადგება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 19 აპრილს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]