weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა – პრეზიდენტი დავით გარეჯის მოვლენებზე

11:50 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019
პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში / ფოტო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში / ფოტო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირეს დავით გარეჯში მის სტუმრობას აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერამდე მისასვლელი გზის დაკეტვა. სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რაც დავით გარეჯში მოხდა, არ არის უჩვეულო და წარსულში უკვე მომხდარა.

„არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი.

ძალიან მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე - გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ ადრეც ვმონაწილეობდი - რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები“.

ამერიკის ხმა: უბრალოდ, ისეთ დროს დაემთხვა, სააღდგომოდ და ასევე, ეს არის მტკივნეული თემა იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა.

სალომე ზურაბიშვილი: არაფერი მტკივნეული არ არის.

მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის.

ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არ ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით.

ამერიკის ხმა: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა და ნაუცბათევი თუ მოურიდებელი ტონით თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ ეს დავა. საქართველო არის დღეს მზად იმისთვის, რომ სწრაფად გადაწყდეს დავა, რომელიც ამდენი წლის მანძლზე გრძელდება?

სალომე ზურაბიშვილი: კი. ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ ერთობლივად. ორივე პრეზიდენტმა მიმართა თავის მხარეს, როცა გვქონდა გაფართოებული შეხვედრა და ჩვენ მზად ვართ. კომისია უნდა შეუდგეს ხელახლა.

ამერიკის ხმა: ანუ, წარმოდგენა გვაქვს საზღვარი სად უნდა გავიდეს? მე რამდენადაც მესმის, ეს არ არის სწორხაზოვანი საზღვარი.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მე არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღით ჩაკეტეს და 26 აპრილს გახსნეს. მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებდნენ და არც ტურისტებს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს, სალომე ზურაბიშვილმა უდაბნოს მონასტერი მოინახულა. დავით გარეჯში მყოფმა ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

მომხდარს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების პრესმდივანმა, ლეილა აბდულაევამ სააგენტო Trend.az-თან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის უსწრაფესად დელიმიტაციას ყოველთვის ემხრობოდნენ და მზად არიან ეს პროცესი დაასრულონ.

29 აპრილს არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, თუ ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მესაზღვრე პატრულირებდა, ახლა მათი რიცხოვნობა ოცამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]