16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.
ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.
„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე. პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.