„სასამართლომ იმსჯელა ბატონი მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული და ვფიქრობთ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ, დამოუკიდებელმა რგოლმა ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ამას პატივს ვცემთ“, – აცხადებს სოფო კილაძე.
ნიკა მელიას, რომელსაც ბრალად 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება, პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი გუშინ შეუჩერა და პროკურატურას მისცა თანხმობა, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.
როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის რისკი, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, ხოლო მოწმეებად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჰყავს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილი არ იყო.