weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიგი უგულავა ხელისუფლებას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს

16:10 შაბათი, 04 ივლისი 2020

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას და მოქალაქეების მეზობელ სახელმწიფოში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების საშუალება მისცეს.

„ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჯეროთ პირველ რიგში ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად, კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი არ დაწყებულა“, – განაცხადა უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ თქვა, რომ მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერჯერობით არ გეგმავს. მისივე თქმით, მიმოსვლა, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, ყველანაირი შეფერხების გარეშე ხორციელდება.

„ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ არა ტრაილერის მძღოლების, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების თვალით შეხედოთ პრობლემას. გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ერთი მთავარი პრობლემა დგას და ეს პრობლემა დგას გადაუდებლად. უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამსახურს, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. საუბარია ათიათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდის მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად.

ჩაის სეზონი უკვე გასულია, თხილის სეზონი კი აგვისტოში იწყება. ათიათასობით ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობს აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოში, ეს ერთადერთი შემოსავლის წაყაროა. ამ სამი თვის განმავლობაში ერთი მოქალაქე 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითიც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, თუ ახლა ამ ადამიანებს მუშაობის საშუალება არ მიეცემათ, შემოდგომიდან შიმშილობაა მოსალოდნელი, რაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ იქნება.

„ჩვენი მოვალეობაა, მივცეთ ადამიანებს მუშაობის საშუალება, თუნდაც თურქეთში. ხაზს ვუსვამ, რომ ზოგადად თურქეთში და განსაკუთრებით ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონში ეპიდსურათი იგივეა, რაც გურიასა და აჭარაში - პრაქტიკულად პრობლემას არ წარმოადგენს.  საზღვართან უნდა შევიმუშაოთ და ავამუშაოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს. თუ ვამოწმებთ ტრაილერის მძღოლებს, კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზეც ვიზრუნოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ თურქეთთან საზღვარი 15 მარტს ჩაკეტა. თვეზე მეტია მეზობელ სახელმწიფოში დასაქმებული მოქალაქეები აჭარაში აქციებს მართავენ და საზღვრის გახსნას ითხოვენ. მათი პროტესტის შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებსაც მიანიჭა. თურქეთში დასაქმებულები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ოთხი თვეა უმუშევრები არიან, აღნიშნული კომპენსაცია არ ჰყოფნით. თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით ბოლო აქცია პირველ ივლისს, სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]