weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან – ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

10:39 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

„საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამ საკითხზე საუბარი დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის გაცნობის ფაქტით დაიწყო.

„2013 წლის ბოლოს გავიცანი მამა კირიონი. ის ჩემ თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელსაც სტკივა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების ბედი და ა.შ., განსხვავებით მოღალატე პოლიტიკოსებისგან. მამა კირიონი მოდის ჩემთან და მიყვება, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა დავით გარეჯში. მამა კირიონი იქ მოღვაწეობს უკვე 25 წელია. ის მიყვება ისტორიას, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენს მესაზღვრეებს ეუბნებიან, რომ ბიჭებო, ახლა თქვენ ჩადიხართ ქვევით, რადგან ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ეს ხდება 2007 წელს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი მღელვარება, ჩემი ინფორმაციით, ეკლესიაშიც, საზოგადოებაშიც, ყველგან, მაგრამ მოგეხსენებათ მაშინ როგორი მწირი იყო ინფორმაციის გავრცელების საშუალებები და მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა.

მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა. არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ.

მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მინდია ჯანელიძეს დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა და დაიწყეს ინფორმაციის მოძიება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო ის, რომ ვერსად მიაკვლიეს ამ ტერიტორიის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხში „საფუძველთა საფუძველს“.

„ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მან ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში გაგზავნა მინდია ჯანელიძე (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014-2015 წლებში), რომელმაც ჩამოიტანა 1:200 000-იანი რუკის ასლი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ ეს რუკა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიას წარუდგინეს.

„ჩემი ინფორმაციით, ამან გამოიწვია ძალიან დიდი გაკვირვება, აღშფოთება, თუ საიდან გაჩნდა ეს რუკა. პირველი მარტივი კითხვა რაც მათ დაუსვეს - თქვენ გიწერიათ შეთანხმებაში, საქართველომ და აზერბაიჯანმა მოილაპარაკეს, რომ ვიყენებთ 1938 წლის რუკას, რატომ არ იყენებდით ამ რუკას? რატომ შეათანხმეთ საზღვრები 70-80-იან წლებში გამოშვებული რუკებით? პასუხი ბუნდოვანი იყო და ეს საუბარი გადაიზარდა ძალიან არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფორმატში. მთავარი არგუმენტი, რაც მათ თქვეს იყო, რომ ეს არის სამუშაო რუკა, ეს არ არის არქივიდან ამოღებული, ორიგინალთან დამოწმებული რუკა და ამას როგორ გამოვიყენებდით აზერბაიჯანთანო. ვეკითხებით - 2014 წლამდე გქონდათ მცდელობა მოგეძიებინათ ეს რუკა, რაც თქვენი პირდაპირი ვალდებულება იყო. პასუხი იყო - არ ვიცოდით როგორ მოგვეძიებინა და ა.შ. მაშინვე დავავალე სამსახურებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სადავო რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი უარი ითქვა მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

როგორც ცნობილია, სადავო რუკა და სხვა მასალების ნაწილი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და საქართველოში ჩამოიტანა. ხიდაშელის განცხადებით, რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

 

ამ თემაზე:

ამ ორ ადამიანს ბოდიშს ვუხდი – ეპისკოპოსი მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

ის ხალხი ქვეყანას და სიმართლეს ემსახურებოდა – სინოდის წევრი „კარტოგრაფების საქმეზე“

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 1938 წლის რუკა ამყარებს ჩვენს პოზიციას – დარსალია

ნოღაიდელმა დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში გაგზავნილ წერილზე განმარტება გააკეთა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]