weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეპუტატების პროტესტის შემდეგ ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა გადაწია

16:20 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ხათუნა გოგორიშვილმა, დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლა შეძლეს. ისინი ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ.

ცესკოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ხოშტარიას და გოგორიშვილს ეუბნებოდნენ, რომ შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ისინი დეპუტატებს წინ გადაუდგნენ და არ ატარებდნენ.

„პარლამენტის წევრი ვარ და ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში მაქვს შეუფერხებლად შესვლის უფლება. აქ არ გვაქვს? მანახე საბუთი, რატომ არ გვაქვს“, – უთხრა გოგორიშვილმა დაცვის წევრებს.

ადმინისტრაციაში შესვლისა და ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადა, რომელიც დღეს 14:00 საათზე იწურებოდა, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„მივიღეთ დაპირება, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომლის ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ.

ჩვენ ამას გავაკონტროლებთ აუცილებლად. ნებისმიერი ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, რომ არ დაურეკეს, მოგვმართეთ და გავაგრძელებთ ამ წნეხს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

განცხადება გაავრცელა საარჩევნო კომისიამაც. ცესკო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდემდე მიიღებენ. რეგისტრაციის გავლისთვის ასეთმა ამომრჩევლებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაცია ცესკომ 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გუშინ ეს ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივეს. სამი დღის განმავლობაში ცესკოსთვის 4000-ზე მეტ ამომრჩეველს ჰქონდა მიმართული.

ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

27 ოქტომბრის მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისშია – 3224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4195.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]