weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ კომისიების სხდომების ჩაშლას – ცესკო

16:57 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, იციან, სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთან მათ ყველას ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია, დაესწროს სხდომას. მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად სარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების წარდგენასაც, რის გამოც კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩართული მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი საჩივრის წარდგენის წესი და ასევე პირთა წრეც განსაზღვრულია საარჩევნო კანონმდებლობით, საჩივრების ნაწილი უფლებამოსილი პირების მიერ არ იყო წარდგენილი, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები. თუმცაღა საოლქო საარჩევნო კომისიებმა რიგ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით მოახდინეს შესაბამისი რეაგირება საჩივრებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა კალანდარიშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა გუშინ დაიწყეს და დღეს უნდა დაასრულონ.

გუშინ, 4 ნოემბერს, თბილისისა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებდნენ, ითხოვდნენ კომისიების სხდომებზე შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას. საოლქო კომისიების შენობებთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანის არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ საჩივრები სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვა, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. ISFED-მა მოუწოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გაერთიანებულ ოპოზიციის“ განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიები არ განიხილავენ პოლიტიკური პარტიების საჩივრებსაც. ოპოზციის წარმომადგენლის თამარ კორძაიას ინფორმაციით, მათ კომისიებში 1200-ზე მეტი საჩივარი ჰქონდათ შეტანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]