weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციის ლიდერებმა დემონსტრანტებს დაშლისა და ხვალ, რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდეს

02:02 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიათან საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს ოპოზიციის ლიდერებმა. როგორც მათ განაცხადეს, აქცია ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე განახლდება.

დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი.

„ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება კი არა, რეჟიმი ძალადობის გარდა ვერაფერს აკეთებს და ვეღარაფერს გააკეთებს. იმის იმედზეა, რომ ხალხი დავიღლებით, რომ ფიზიკურად გაგვისწორდებიან, წყალს შეგვასხამენ, იძალადებენ და დავიღლებით. რა თქმა უნდა, არა! ეს ბრძოლა არ შეჩერდება, არ შენელდება და ხვალ, რუსთაველის გამზირზე, კვლავ 6 საათზე ვიკრიბებით“, – მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს. 

„ყველას ვაჩვენეთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს, შეუპოვრობაც გვაქვს და ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და მათგან განსხვავებით, ვუფრთხილდებით. მასაც ვუფრთხილდებით და ერთმანეთსაც. 

აქ ყველა სველია. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერცერთი ვიქნებით საბრძოლველად, არადა ახლა ყველა მებრძოლია საჭირო. მშვიდად, წყანარად, ორგანიზებულად წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, რუსთაველზე ვაჩვენოთ, რომ მაგათი არავის ეშინია“, – თქვა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. 

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე აქცია 8 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს. მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ წასულიყვნენ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

იქ ახლა ქაჯეთის ციხეა. იქ მოპარეს ერს არჩევნები, რეჟიმის დავალებით, და ის შენობა ამ რეჟიმის განსახიერებაა. იქ, ხვალიდან, არავინ უნდა შევიდეს და არავინ უნდა გამოვიდეს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ.

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო. 

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და  „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მან პოლიციას მოუწოდა, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]